„ქებათა ქება“
XX საუკუნის ქართული თარგმანების ანთოლოგია
2025 – „შირ ჰაშირიმი“ ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია. ჟანრის თვალსაზრისით, იგი პოეტურ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება და ძველი აღთქმის მესამე ნაწილში, „ქეთუვიმში“, ანუ წერილებში, ერთიანდება. ტრადიციის მიხედვით, წიგნის ავტორობა ისრაელის მესამე მეფეს, სოლომონს, მიეწერება. ტექსტი 8 თავისგან შედგება, შეიცავს დიალოგებსა და მონოლოგებს.
წიგნი საინტერესოა არა მარტო ისტორიითა და განმარტებებით, არამედ სხვადასხვა ენაზე შესრულებული თარგმანებითაც, მათ შორის – ქართულენოვანი თარგმანებით.
წინამდებარე კრებული წარმოდგენს „შირ ჰაშირიმის“ ქართული თარგმანების პირველ ანთოლოგიასა და ილუსტრირებულ ბეჭდურ გამოცემას საქართველოში. მასში შესულია „შირ ჰაშირიმის“ მეოცე საუკუნეში ორიგინალიდან, ებრაული ტექსტიდან, შესრულებული გერცელ ბააზოვის, ნათან ელიაშვილის, გრიგოლ ფერაძის, ზურაბ კიკნაძის, იცხაკ დავიდის, შალომ დავიდისა და აბრაამ მამისთავლოვის ქართული თარგმანები, ასევე – დ. წერედიანის თარგმანი (არაორიგინალიდან). ყველა თარგმანი უნიკალური და მნიშვნელოვანია როგორც ქართულად თარგმნილი ბიბლიის ისტორიისა და კვლევისათვის, ისე – ისტორიული, კულტუროლოგიური და ლიტერატურული თვალსაზრისით.
- პროექტის ავტორი და რედაქტორ-შემდგენელი – ეკატერინე ნავროზაშვილი
- მხატვარი – გია გუგუშვილი
- ფოტოგრაფი – გია ჩხატარაშვილი
- დიზაინი – დავით ჯანიაშვილი
- გამომცემელი – ხელოვნების განვითარების ფონდი IMT





